მერსედეს ვერა მარტინი - სსფ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, – ამის შესახებ სსფ-ს (IMF) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებაში არის აღნიშნული.
მერსედეს ვერა მარტინის განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაავრცელა.
სსფ-ს საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიამ გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა, საპასუხოდ კი, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რომელიც შეარბილებს შოკის გავლენას მოსახლეობასა და ეკონომიკაზე.
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს ამ შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება“, – აცხადებს ვერა მარტინი.