მერსედეს ვერა-მარტინი - საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს მიმდინარე წლის დეკემბერში განიხილავს, – ამის შესახებ დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.
საქართველოს პროგრამის მიმოხილვა დასრულების შემდეგ განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში მერსედეს ვერა-მარტინმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ასევე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთეს.
„პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებაზე და ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. ეს შეთანხმება საჭიროებს დამტკიცებას სსფ-ს ხელმძღვანელობისა და სსფ-ს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს ამა წლის დეკემბერში განიხილავს. ამ მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). ამით, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში 180 მილიონ ეს დე ერ-ს (დაახლოებით 249.5 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით სსფ-ს მისია. 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო საქართველოში სსფ-ს მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა; ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელება და საქართველოსთვის ჩასარიცხი თანხის გადანაწილება ახალ ვადაზე.
როგორც მერსედეს ვერა-მარტინმა აღნიშნა, სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი რეფორმების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა 2019 წლის პირველ ნახევარში დამაკმაყოფილებელია. მეხუთე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო პირობების უმრავლესობა კი, შესრულებულია.
მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადია საგარეო შოკების მიმართ.
„2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით.
ველით, რომ 2019 წელს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 4.3 პროცენტით. ინფლაცია სამიზნე სამ პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება“, – განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
მისი თქმით, ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული.