მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად
საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.
მისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე, ასევე პროგრამის თანხის გაზრდაზე.
როგორც მისიის დასრულებისას მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა, COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მისი თქმით, 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ს 4-პროცენტიანი კლება. ამჯერად პროგნოზის გარშემო არსებული გაურკვევლობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში.
„ვაჭრობის შემცირება, ტურიზმის შეჩერება და გადმორიცხვების კლება 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ს 11⅓ პროცენტამდე გაზრდის. გლობალურად ინვესტორთა გაზრდილი სიფრთხილის გამო სავარაუდოა წმინდა კერძო შემოდინებების შემცირება და ინვესტიციების გადავადება“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.
როგორც მან აღნიშნა, COVID-19 პანდემიამ წარმოშვა საგადამხდელო ბალანსის დაფინანსების საჭიროება დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით 2020-2021 წლებში. ეს საჭიროება კი, დაფინანსდება სსფ-სა და სხვა დონორების დახმარებით.
„ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილ საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით, საქართველო მომზადებულია ამ გამოწვევის პირისპირ“, – აცხადებს საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი.
ამასთან, მისი თქმით, 2020 წელს ფისკალური დეფიციტი დროებით გაიზრდება მშპ-ს 8½ პროცენტამდე, რადგან შემოსავლები იკლებს, ხარჯები კი, მატულობს ვირუსის შესაკავებლად და პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად.
„ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერათშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის ბუფერს (რეზერვს), რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი ფისკალურ რისკებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
ქვეყანაში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარე წლის 1-13 აპრილს გამართა. ფონდის ინფორმაციით, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად, COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად.