მერსედეს ვერა-მარტინი - საქართველოს ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობისგან დასაცავად
მერსედეს ვერა-მარტინი - საქართველოს ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობისგან დასაცავად

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნავს შემდგომი ნაბიჯების საჭიროებას ინკლუზიური ზრდის და გარეშე შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

„ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობისგან დასაცავად, ასევე დახვეწა ფისკალური წესები. მიმდინარეობს მუშაობა გადახდისუუნარობის ახალ კანონზე, რისკებზე დაფუძნებული დღგ-ს ავტომატური ანაზღაურების სისტემის ასამუშავებლად და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესაქმნელად. არსებული ეკონომიკური გარემო ქმნის საშუალებას განათლების სისტემის და ბიზნეს გარემოს დასახვეწად, საქართველოს გზების გასაუმჯობესებლად და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ეს რეფორმები კერძო სექტორს გარდაქმნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად, მოახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს“, – აღნიშნა ვერა-მარტინმა.

სავალუტო ფონდის მისია მადლობას უხდის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას.

„მისია შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბახტაძეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს მაჭავარიანს, ეკონომიკის მინისტრს ქობულიას, ქვეყნის პრეზიდენტს ზურაბიშვილს და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ, სსფ-ს მისია, ველოდებით დიალოგის გაგრძელებას სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის მსვლელობისას ამა წლის აპრილ-მაისში“, – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაავრცელა.