საქართველოს ეკონომიკაზე, მიმდინარე რეფორმებზე, დედოლარიზაციასა და ეროვნული ვალუტის კურის მერყეობაზე „პირველი არხი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს ესაუბრა.
– სსფ-ს ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს. რა რისკებზე საუბრობთ?-– საქართველოს ეკონომიკაზე რისკების გავლენა დაბალანსებულია: ვხედავთ როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ რისკებს. იმას, რასაც ჩვენ პოზიტიურ რისკებს ვუწოდებთ, მომდინარეობს მაღალი ადგილობრივი მოთხოვნიდან და უფრო პოზიტიური საგარეო ვითარებიდან. ნეგატიური რისკების თვალსაზრისით, საქართველო რჩება მოწყვლადი რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ. მეტ შიდა ბაზარზე ორიენტირებულ პოლიტიკას და სუსტ ეკონომიკურ ზრდას ძირითად წამყვან და განვითარებად ბაზრებში, შეუძლიათ უარყოფითი გავლენა იქონიონ საქართველოს ზრდაზე და მისი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას და აშშ დოლარის გაძიერებას შეუძლიათ გააუარესონ ვალების დინამიკა.
– ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ზრდის პროგნოზი შეცვალა და 2017 წლისთვის 4.3 პროცენტიანი ზრდა დააანონსა. ეს პროგნოზი მანამდე ნავარაუდევ 3.5 პროცენტზე მაღალია. რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?
-საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შევცვალეთ, რადგან ფაქტიური ეკონომიკური მონაცემები მოსალოდნელზე უკეთესია და მაღალ ზრდაზე მიუთითებს. მაშინ, როცა ჩვენს ანგარიშს ვამზადებდით, ცხრა თვის ფაქტიური მონაცემი გვქონდა და ზრდა წინა წელთან შედარებით, 4.7 პროცენტს შეადგენდა. ზრდას ხელს უწყობდა კერძო მოხმარება და წმინდა ექსპორტი. ეკონომიკური აქტივობა მატულობდა პოზიტიური საგარეო პირობების, მათ შორის პარტნიორების მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო. მაგალითად, აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით, საქონლის ექსპორტი და შემოსავლები ტურიზმიდან წინა წლის შესადარ მონაცემებს 30 პროცენტით აღემატებოდა, ხოლო გადმორიცხვები წინა წელთან შედარებით 20% მეტი იყო. იმპორტი კი 9%-ით აღემატებოდა შარშანდელს. უკეთესმა საბიუჯეტო შემოსავლებმა და სტრუქტურული სისუსტეების მოგვარების მცდელობამ წვლილი შეიტანეს ეკონომიკის სანდოობის მატებაში.
-ფონდის ბოლო მიმოხილვის თანახმად, შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლების რეფორმას. რა არის თქვენი რეკომენდაცია განათლების რეფორმის მიმართ?
-კვალიფიცირებული მუშახელის ნაკლებობა საქართველოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ ძირითად ხელშემშლელ ფაქტორად რჩება. ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს რეფორმების გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით შემუშავდა და ითვალისწინებს კურიკულუმის სტანდარტების შემუშავებას, ახალი მასწავლებლების შეფასებას, პროფესიულ სწავლებას და უფროსი ასაკის ხალხის სწავლებას.
-როგორია ფონდის მოლოდინი საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივის შესახებ?
-თუ ვივარაუდებთ, რომ ხელშემწყობი საგარეო პირობები გაგრძელდება, და საქართველოს რეფორმების გეგმა განუხრელად განხორციელდება, ჩვენ ველით, რომ ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 5¼ პროცენტი იქნება. ეს მოლოდინი დამოკიდებულია ეკონომიკური მოწყვლადობის შემცირებაზე, მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე საქართველოს ამბიციური სტრუქტურული რეფორმების გეგმის განხორციელებით. სსფ-ს ეს ხედვა არის ასახული პროგრამაში, რომელიც სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა.
-საქართველოს ეროვნულ ბანკს ხშირად აკრიტიკებენ მცურავი გაცვლითი კურსის გამო. თუმცა, სსფ მხარს უჭერს მცურავ გაცვლით კურსს საქართველოში. თქვენი აზრით, არსებულ სიტუაციაში, როცა ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ მესამე წელია გრძელდება, მცურავი გაცვლითი კურსის არსებობა ქვეყნისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებაა?
-სსფ არ აკეთებს კომენტარს გაცვლითი კურსის მოკლევადიან რყევებზე, რომელიმე სხვა ვალუტასთან მიმართებაში. თუმცა, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებები ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნავდა ეკონომიკური პირობების ცვლილებას და შეესაბამებოდა მოქნილ გაცვლითი კურსის რეჟიმს. გაცვლითი კურსის დინამიკა დიდად იყო განპირობებული უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდებით. ეროვნული ბანკი უნდა ფოკუსირდეს ფასების სტაბილურობაზე და ჩაერიოს უცხოური ვალუტის ბაზარზე მხოლოდ უკიდურესი მერყეობის შემთხვევაში ან რეზერვების შევსების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს საქმიანობა მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, რაც საქართველოს უკვე გამოადგა გარეშე შოკების პირობებში.
-მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში მყარდება, თუმცა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ქართული ლარი დაახლოებით 54%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, ეროვნულ ბანკს რეზერვები არ დაუხარჯავს ლარის კურსის მხარდასაჭერად. როგორ უნდა იქცეოდეს ეროვნული ბანკი?
-როგორც ადრეც აღვნიშნე, ეროვნული ბანკის ყურადღების მიმართვა ინფლაციაზე, შესაფერისი ქცევაა. სავალუტო ბაზარზე ჩარევები უნდა მოხდეს მხოლოდ ზედმეტი რყევების შესამცირებლად ან რეზერევის შევსების მიზნით. 2017 წლის პირველ ნაწილი საპროცენტო განაკვეთის ზრდა და შემდგომ, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკა არსებული ვითარების შესაბამისია. ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკის მიხედვით (100 საბაზისო პუნქტით შემცირება შემდგომი 2 წლის განმავლობაში), ინფლაცია დაიკლებს 2018 წლის დასაწყისში და ნელ-ნელა 3% ორიენტირს დაუბრუნდება 2018 წლის ბოლოსთვის. ეკონომიკური პირობების ცვლილება, რაც ხელს უშლის ეროვნულ ბანკს დააკმაყოფილოს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი, მაგალითად: ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, და მასთან დაკავშრებული ინფლაციის მოლოდინის ზრდა, უნდა პასუხგაცემული იქნეს შესაბამისი ქმედებით, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს მონეტარული პირობების გამკაცრებას.
-ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იგი არ გამორიცხავს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, თუ ინფლაციის მატების რისკი იარსებებს. ასეთ შემთხვევაში, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია?
-ჩვენ ვეთანხმებით ეროვნულ ბანკს. ინფლაციის ტარგეტირების მონეტარულ პოლიტიკა ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, თუ მაღალი ინფლაციის რისკი ან ინფლაციის მოლოდინი იარსებებს.
-გასულ წელს საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავეს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციის პროგრამა, რომელიც, როგორც ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც მთავრობა ელოდა. თქვენი აზრით, იყო თუ არა საქართველოს დე-დოლარიზაციის პროგრამა ეფექტური და რა პოზიტიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას?
-საქართველოს ლარიზაციის პროგრამას გარკვეული პოზიტიური შედეგი ჰქონდა, თუმცა დოლარიზაცია კვლავაც მაღალი რჩება. დოლარიზაციის შემცირების ღონისძიებები, მართებულად მოიცავს გრძელვადიანი ლარის ხელმისაწვდომობას, ლარში ფასდადების წახალისებას, და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხის საკრედიტო რისკის შემცირებას. სესხების დოლარიზაცია შემცირდა 64 პროცენტიდან ( 2016 წლის დეკემბერი) 57 პროცენტამდე (2017 წლის სექტემბერში) მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთისა ლარის სესხებზე. იგივე ვადაში, დეპოზიტების დოლარიზაცია 5 პროცენტით შემცირდა და მთლიანი დეპოზიტების 65პროცენტი შეადგინა. ამასთან, სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილებიდან (პერუ, პოლონეთი) ვიცით, რომ დედოლარიზაციას დიდი დრო სჭირდება, ასე რომ დოლარიზაციის მკვეთრ შემცირებას მოკლე დროში არც ველოდით. საერთოდ, დედოლარიზაცია აძლიერებს მონეტარულ პოლიტიკას, რადგან უმჯობესდება კავშირი საბაზრო საპროცენტო განაკვეთებსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის განკვეთს შორის. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შემცირებით უმჯობესდება ფინანსური სტაბილურობა, რადგან გაცვლითი კურსის რყევები აღარ ახდენს გავლენას გადახდისუნარიანობაზე. ამასთან, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების შემცირება აძლიერებს ეროვნული ბანკის, როგორც უკანასკნელი მსესხებელის როლს, რაც მნიშვნელოვანია ფინანსური სტრესის დროს.
-საქართველო მონაწილეობს სსფ-ს პროგრამაში რომლის ღირებულებაა 297.5 მილიონი დოლარი. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვა. ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი). თქვენი აზრით, როგორ წაადგება ეს პროგრამა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას?
-სსფ-ს პროგრამა მხარს უჭერს ქვეყნის ხელისუფლების ოთხ პუნქტიან გეგმას. ხელისუფლებას განზრახული აქვს ყურადღება მიაპყროს ინვესტიციების მხარდაჭერას და განათლების გაუმჯობესებას, ბიზნეს გარემოს, საჯარო მმართველობის ეფექტურობის ამაღლებას, რაც მიზნად ისახავს პოტენციური ზრდის ამაღლებას, ისე, რომ დაცული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ინვესტიციების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკურ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებას რეგიონში. შემოთავაზებული კანონპროექტი კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მონაწილეობას დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ისე, რომ დაცული იყოს ფისკალური მდგრადობა. კაპიტალის ბაზრის და საპენსიო რეფორმა მოეხმარება ადგილობრივი დანაზოგის მობილიზაციას და კერძო სექტორის ინვესტიციებს. განათლების რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობისაა მაღალი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად. სავაჭრო ინტეგრაცია შესაძლებელს გახდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, გააუმჯობესებს კონკურენტუნარიანობას, შეამცირებს საგარეო დისბალანსს და უზრუნველყოფს უფრო დაბალანსებულ ზრდას
ავტორი - მარი ჯავახიშვილი