მერიის არქიტექტურის სამსახური თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებულ შენიშვნებს აქვეყნებს
მერიის არქიტექტურის სამსახური თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებულ შენიშვნებს აქვეყნებს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს.

შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია ის შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით აქვს.

შენიშვნები შეეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

შეფასების დოკუმენტის თანახმად, თბილისის გენგეგმის წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში არ არის უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს.

ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ გენგეგმაში უგულველყოფილია  მწვანე ქალაქის კონცეფციით გასათვალისწინებული პრიორიტეტები – სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები. კონცეფციის ერთ-ერთ სავიზიტო ნაწილს გამწვანება წარმოადგენს, გამწვანებული ტერიტორიების, არსებული სარეკრეაციო და სამომავლოდ სარეკრეაციოდ განსავითარებელ სივრცეებზე.

„შენიშვნაზე, გათვალისწინებული იყოს არსებული სარეკრეაციო ზონები, გენგეგმის ჯგუფის პასუხია, რომ „შიდა კვარტული გამწვანებული ნაკვეთების ფიქსირება და გამოყოფა, ჯგუფს არასწორად მიაჩნია“. სამსახურის მიერ, წლების განმავლობაში დატანილი ასეთი არეალები, არასრულია და შესრულებულია ქალაქის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებში. აღნიშნული ქმნის რეალურ საშიშროებას იმის შესაძლებლობისა, რომ ის არეალები, სადაც ამგვარი გამწვანებული ნაკვეთების დატანა გამორჩენილია და არ განხორციელებულა, მომავალში გამოყენებულ იქნან სამშენებლოდ, რაც სრულიად დაუშვებელია. ამავე დროს, არის შემთხვევებიც, როდესაც სამსახურს დაშვებული აქვს ხარვეზები და ცალკეული შენობების საკადასტრო ნაკვეთების შიდა ტერიტორიებიც მიკუთვნებული აქვს გამწვანებული არეალებისთვის.  გენგეგმის ჯგუფის პოზიცია, რომ იმ არეალებზე, რომლებზეც მოქმედ გენგეგმაში სარეკრეაციო ზონების ასახვა გამორჩენილია, მათი ასახვის, არსებულის დაზუსტების და შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია მათ უმრავლესობას მოეხსნას ეს სარეკრეაციო ზონა და განესაზღვროს სხვადასხვა სამშენებლო ზონა.  მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული მიდგომა მიუღებელია და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სკვერი მისი ფართობის მიუხედავად, საჭიროებს სარეკრეაციო ზონის განსაზღვრას. საჭიროა,  მწვანე კორიდორების გაჩენა და ასახვა“, – ნათქვამია გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებაში.

შეფასების თანახმად, თბილისის გენგეგმის წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში  ტექსტში არ არის აღნიშნული არცერთი მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტი ან ევროკავშრის დირექტივა და საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით. ასევე არ არის ნახსენები თბილისზე არსებული კვლევები და მონაცემები.

„ტექსტი უნდა ეყრდნობოდეს თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიას (2015), რომელიც თბილისის მთავრობის მიერ არის მოწონებული“, – ნათქვამია გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებაში.

რაც შეეხება ელიავას ბაზრობის რელოკაციისა და ტერიტორიის სარეკრეაციო გამოყენების კონცეპტუალურ პროექტს, გენგეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასების  თანახმად, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ზონირება მოსაყვანია წარმოდგენილ კონცეფციასთან შესაბამისობაში.

„ხოლო საველოსიპედო გზების წარმოდგენილი კონცეფცია არ ასახავს თბილისის მთლიან ველოქსელს“, – აღნიშნულია გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებაში.