მერია თბილისში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ხედვას ახლო მომავალში წარადგენს
თბილისში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს და ახლო მომავალში წარდგენილ იქნება ხედვა, რომელშიც გასატარებელი ღონისძიებები წლების მიხედვით გაიწერება.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯია, რომ იწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება.
„მერიას დაქვემდებარებულ ავტომობილებს, რომლებიც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას, ხმარებიდან აუცილებლად ამოვიღებთ. ამასთან, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მხედველობაში მაქვს, ყვითელი ავტობუსები. დაწყებული გვაქვს მათ ჩანაცვლებაზე მუშაობა და ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომ მთლიანად შევცვლით ყვითელი ავტობუსების პარკს და ჩავანაცვლებთ ახალი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი შეფასებით, მხოლოდ აღნიშნული ვერ იქნება საკმარისი და საჭიროა კომპლექსური მიდგომა. კონკრეტულად განსახორციელებელი რეფორმებისა და მისაღები ზომების გეგმა კი, საზოგადოებას მალე წარედგინება.