მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს
თბილისის მერია ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და მიკროავტობუსით.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს.
„სიმართლესთან ახლო არ არის, რომ მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ არასდროს გაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. თვითონ რეფორმა არის მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სისტემა, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის თქმით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ახლით მათ შეცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მიკროავტობუსები 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს, შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კერძო კომპანიასთან, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც თბილისის მოსახლოებას მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.