მერი მაღლაფერიძე - თავშესაფარი სარეაბილიტაციო დაწესებულებაა, სადაც დროებით ხდება ძალადობის მსხვერპლის განთავსება, თუმცა გამორიცხულია, უბრალოდ გავუშვათ ადამიანი, რომელიც არ ვიცით, მერე სად იცხოვრებს
ძალადობის მსხვერპლებისთვის გვაქვს სადღეღამისო სერვისები თავშესაფრების ბაზაზე, ასევე კრიზისული ცენტრები, რაც არის დღის მომსახურება და აქ მათ სხვადასხვა სპეციალისტი ემსახურება, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„თავშესაფრის მთავარი ფუნქცია არის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის თანმხლებად ადამიანს შეიძლება, სჭირდებოდეს გარიდება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რამხელაა საფრთხე და ხშირად ხდება ქალაქის გამოცვლა. თუ მაგალითად, ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი თბილისში, ჩვენ შევეცდებით, შევცვალოთ რეგიონი და ადამიანი სხვაგან გავუშვათ, მისამართი კი კონფიდენციალურია. თავშესაფრებში მათ ხვდებათ პროფესიონალი ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი, ვისთან ერთადაც დგება გეგმა, რომელზე მუშაობაც თავშესაფარში ყოფნის პერიოდში მიმდინარეობს ყველა ამ სპეციალისტის ჩართულობით“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, კრიზისული ცენტრები არის მათთვის, ვისაც შეიძლება, არ სჭირდებოდეს საცხოვრისის გამოყენება, მაგრამ რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდეს ფსიქოლოგის, იურისტის და სოციალური მუშაკის დახმარება.
„თავშესაფარში ადამიანის განთავსება ხდება მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად და ასევე, კრიზისულ ცენტრშიც შეგვიძლია, მივაწოდოთ სერვისი, როგორც თავად ძალადობის მსხვერპლს, ასევე ბავშვებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ვადით სარგებლობენ ძალადობის მსხვერპლები თავშესაფრებით, კრიზისული ცენტრებით და რამდენად შესაძლებელია, ვადები გადაიხედოს, მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ვადები კვლავ მსხვერპლის სტატუსზეა მიბმული, რომლის მოპოვებაც სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი, მაგრამ ძალიან მალე, ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო თავშესაფარში მოსახვედრად მსხვერპლის სტატუსი აღარ დასჭირდება.
„რაც შეეხება ვადებს, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება შეგვიძლია 3-დან 9 თვემდე. პრაქტიკაში სხვადასხვანაირად არის და საშუალოდ, 6 თვე არის ხოლმე გამოყენებული. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ თავშესაფარი არ არის საცხოვრისი. თავშესაფარი არის სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც დროებით ხდება ადამიანის განთავსება, იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მისი სახლში დარჩენა არ არის შესაძლებელი. თუმცა, თავშესაფრის ვალია, ადამიანებს დაეხმაროს, მოუძებნოს იგივე საცხოვრისი და ა.შ. ასეთი რამ გამორიცხულია, რომ თავშესაფრიდან ასე უბრალოდ გავხსნათ კარი და გავუშვათ ადამიანი, რომელიც არ ვიცით, მერე სად იცხოვრებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
სახელმწიფო სერვისებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ფუნქციონირებს ძალადობისგან დაცვის ეროვნული საკონსულტაციო ცენტრის ცხელი ხაზი – 116 006, რომელზე დარეკვაც 24 საათის განმავლობაში შეიძლება და ზარი უფასოა.
„ქართულის გარდა, შვიდ სხვადასხვა ენაზე გვაქვს ამ სერვისის მიწოდების შესაძლებლობა და არის ნამდვილად კონფიდენციალური. სრულად ექვემდებარება საერთაშორისო სტანდარტებს. მთელ მსოფლიოში ეს ნომერი გამოიყენება, როდესაც საქმე ძალადობას ეხება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.