მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა აირჩიეს – ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
„მერაბ ტურავას 2016 წლის 2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა.
2015 წლის 20 მარტს მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს ფიცის დადების დღიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე აირჩიეს.
მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია.