მერაბ შარიქაძე - დიდი ხანია საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სავსე სტადიონზე არ გვითამაშია და იმედი მაქვს, ტრიბუნები ბოლომდე გაივსება #1TVSPORT
მერაბ შარიქაძე - დიდი ხანია საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სავსე სტადიონზე არ გვითამაშია და იმედი მაქვს, ტრიბუნები ბოლომდე გაივსება #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე, „შავმა ლომმა“ „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა.

ფინალში გასასვლელად ჩვენი გუნდი 17 აპრილს 18 საათზე, „ავჭალაზე“ ესპანურ „იბერიანსს“ ეთამაშება, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა.

კაპიტნის ვარჯიში 40 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „სამხრეთ აფრიკიდან გუნდი კარგად მომზადებული დაბრუნდა. მას ნაკრების ის მოთამაშეები დაემატა, რომლებსაც დასვენების საშუალება მივეცით და ნახევარფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით. ვფიქრობ, შეთამაშების მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან „შავი ლომი“ ერთიანი ორგანიზმია და შემადგენლობაში როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ვნახეთ მეტოქის თამაშები, გავაანალიზეთ და ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები წარმოვაჩინოთ, თამაში ვმართოთ და გავიმარჯვოთ“.

მერაბ შარიქაძე: „მეტოქეს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ. თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ და გვსურს დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ. არა აქვს მნიშვნელობა, „შავი ლომი“ იქნება თუ ნაკრები, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ჩვენთვის ყოველთვის სიამოვნება და დამატებითი მოტივაციაა. დიდი ხანია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სავსე სტადიონზე არ გვითამაშია და მთელი გულით მაქვს იმედი, ტრიბუნები ბოლომდე გაივსება, მით უმეტეს, რომ რეგულაციები სრულად მოიხსნა. ყველას მოვუწოდებ მოვიდეს და ჩვენის მხრივ, მათ საინტერესო და სანახაობრივ თამაშს ვპირდებით. „იბერიანსის“ თამაშის სტილი ესპანეთის ნაკრებისას ჰგავს, თუმცა განსხვავებულია შემსრულებელთა ხარისხი. ყოველ შემთხვევაში ასე იყო იმ მატჩებში, რომლის ნახვის საშუალებაც გვქონდა“.

 

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალები

17 აპრილი. თბილისი. „ავჭალა“. 18:00

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

rugby.ge