მერაბ შარიქაძე: ჩვენთვის გულშემატკივარი ყველაზე ძვირფასია (მატჩის წინა პრესკონფერენცია)
საქართველოსა და კანადის სარაგბო ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს ნაკრების თავკაცმა, მილტონ ჰეიგმა ნაკრების განაცხადში მყოფ ახალგაზრდა მორაგბეებზე ისაუბრა:
“მსოფლიო თასამდე 2 წელია და ახლა ახალბედების სანახავად საუკეთესო პერიოდია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციას დაფარავდნენ. ამ ბიჭებმა 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას თავი გამოიჩინეს და ახლა შანსი ეროვნულში ეძლევათ. კოშაძე შარშანაც გვყავდა ნაკრებში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სოსო მათიაშვილი 15 ნომრად პირველად იწყებს თამაშს. ზაფხულში მან ამ პოზიციაზე არგენტინასთან 30 წუთი ითამაშა და ახლა დაწყების შანსი დაიმსახურა. კვესელაძე თადარიგშია და მინდა გითხრათ, რომ ის ტრავმებმა შეაწუხა, თორემ ნაკრებში აქამდეც აუცილებლად ითმაშებდა.”
გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კი გულშემატკივრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურაღება:
„ჩვენთვის გულშემატკივარი ყველაზე ძვირფასია და მათ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაგბს სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ქომაგს სიამოვნება მივანიჭო. მოედანზე მხოლოდ მათთვის ვიბრძვით, მათთვის ვიხარჯებით და ხვალ ყველას სტადიონზე ველოდებით“.
კანადის ნაკრების უელსელმა თავკაცმა, კინგსლი ჯოუნსმა, განაცხადა რომ მისი გუნდი თბილისს ოპტიმალური შემადგენლობით ეწვია:
“წინა კვირაში მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფანჯარა არ იყო და ამის გამო ყველა სასურველი მოთამაშე ვერ გამოვიძახეთ. სამაგიეროდ, შანსი მიიღეს ახალგაზრდებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ლეგიონერებიც დაგვემატნენ და ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობით წამოვედით.
ჩვენი მიზანია, რომ უახლოესი თამაშები მოვიგოთ და ხვალ მოედანზე სწორედ ამ მიზნით გავალთ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშებს (ურუგვაისთან 2018 წლის იანვარ-თებერვალში) გამარჯვებულის ფსიქოლოგიით შევხვდეთ. თუ ურუგვაის ვძლიეთ და მსოფლიო თასზე ჯგუფში საქართველოსთან მოვხვდით, მაშინ ტაქტიკის გადახედვა მოგვიწევს, ხვალ კი, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”.
კანადელთა კაპიტანმა ფილ მაკმა 2017 წლის დაპირისპირება გაიხსენა:
“კანადაში გამართული მატჩისას ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო და საკუთარი პოტენციალი ვერცერთმა გუნდმა ვერ გამოავლინა. ჩვენი მატჩის გეგმაა, რომ გავანეიტრალოთ მეტოქის მორკინალები და თამაში გავშალოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიო თასის კვალიფიკაცია გავიაროთ, თუმცა მანამდე ხვალინდელი თამაშია და მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ”.