მერაბ მორჩაძის დამნაშავედ ცნობასა და პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მერაბ მორჩაძის დამნაშავედ ცნობასა და პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მერაბ მორჩაძის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გამოძიებითა და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ დაიყოლია მ.კ., სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და უთხრა, რომ თუკი მკვლელობაში ბრალდებულებს გ.ჯ.-სა და გ.ბ-ს დანაშაულში არ ამხელდა, მისთვის კარგი იქნებოდა, რადგან სახელსა და მეგობრებს შეინარჩუნებდა. მ.მ.-მ უთხრა მ.კ.-ს, რომ მას არაფრის არ უნდა შეშინებოდა, რადგან თუ ჩვენების შეცვლისთვის დააკავებდნენ, მედიისა და საზოგადოების ფართო და გავლენიანი პირების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. მ.მ. ასევე დაჰპირდა მ.კ.-ს, რომ დახმარებას გაუწევდა პატიმრობაში მყოფ მამამისს და მას ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფდა.

სამართალდამცავებმა მ.მ. თბილისში 2018 წლის 8 ივნისს დააკავეს.

იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავე დროს არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.