მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულთა ადვოკატი საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს
მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ექვსი ბრალდებული პირის ადვოკატი გიორგი ლეკიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები აცნობიერებენ საკუთარ ქმედებას. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული პირები ცდილობდნენ მერაბ კობიაშვილის განიარაღებას.
„ეს ბიჭები აცნობიერებენ თავიან ქმედებებს, მონაწილეობდნენ კონფლიქტში, თუმცა ცდილობდნენ კობიაშვილის განიარაღებას“, – განაცხადა გუდაურში მკვლელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულთა ადვოკატმა.
გიორგი ლეკიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გუდაურში კონფლიქტში მონაწილეობას ადასტურებენ, თუმცა სადავოდ ხდიან ბრალის კვალიფიკაციას. ადვოკატის თქმით, მერაბ კობიაშვილის შეიარაღებული იყო და სამართლებრივად არასწორია ის კვალიფიკაცია რომლითაც პროკურატურამ ამ პირებს ბრალი წარუდგინა.
„თითოეული მათგანი თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მოხდა რეალურად, ზედმეტი შელამაზებების გარეშე. არის ორი ბრალდებული, რომელთან დაკავშირებით ქმედებაზე არ გვაქვს პრეტენზია, ვეთანხმებით, თუმცა მეორე საკითხია რამდენად ვაფასებთ სამართლებრივად როგორც ცემას მათ ქმედებას. ადამიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით არის შეიარაღებული ფიზიკურად უსწორდება სხვებს, მათ მიირბინეს, ცდილობდნენ მის შეჩერებას და განიარაღებას და ამ დროს თუ მოხდა მათ შორის ფიზიკური კონტაქტი, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც დამნაშავის შეპყრობისას გამოყენებული ფიზიკური პროპორციული ძალა. ეს ბიჭები აცნობიერებენ თავიანთ ქმედებებს და დააფიქსირებენ სასამართლოზე პოზიციას“, – განაცხადა ადვოკატმა.
გუდაურში მკვლელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა, ხოლო მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარედგინა.