მერაბ გამყრელიძე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია, მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის აღდგენისთვის
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია, სამწუხაროდ, გაზის მიმართულებით გვყავს 1 500-მდე აბონენტი, რომელსაც ვერ მიეწოდება ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. აქ არ არის წერტილოვან დაზიანებებზე საუბარი, ზოგ ადგილებში მილებია მოწყვეტილი. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია ოთხ სოფელს, თუმცა ამ შემთხვევაშიც დილიდან დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები დასუფთავების სამუშაოებთან ერთად, ვინაიდან წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. 10 000 აბონენტიდან 1 500-მდეა დარჩენილი მხოლოდ, ვისაც არ მიეწოდება. რთული ვითარებაა ჩოჩხათის ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში. კიდევ დამატებით 100 კაცამდეა, რომლებმაც საკუთარი ნებით და ძალებით გადაწყვიტა სხვაგან წასვლა. ამ ეტაპზე მიდის კიდევ ცენტრალური გზების გაწმენდა, რათა შემდეგ შიდა გზებზე შეღწევა მოხდეს. გუშინ ღამით განისაზღვრა დამატებითი ადგილებიც, სადაც უნდა მოხდეს კონცენტრირება და დროულად მეწყრის ლოკალიზება. ვფიქრობთ, რომ დღეს საღამოსთვის უკვე ბევრი ლოკაცია იქნება გაწმენდილი და შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა, რის შემდეგაც დავიწყებთ ხიდებზე მუშაობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.