მერაბ გამყრელიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, სტიქიის ზონაში მოსახლეობამ რეალურად აღიქვას რისკი და დაემორჩილოს შესაბამისი სამსახურების მითითებებს
ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ რეალურად აღიქვას რისკი, ის კომუნიკაცია, რომელიც მერიის თანამშრომლებისგან ხორციელდება, იქნეს გათვალისწინებული და დაემორჩილონ შესაბამის სამსახურებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სამაშველო, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„დღის მანძილზე დაახლოებით 10 000 აბონენტი იყო, რომელსაც ვერ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამ წუთისთვის დარჩენილია 2 000 აბონენტამდე. დღის ბოლომდე ელექტროენერგია აღუდგება დაახლოებით 1 500 აბონენტს. კრიტიკულად რჩება სოფელი ჩოჩხათი. გაზი არ მიეწოდება 3 000 აბონენტს. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 25 ლოკაციაზე. ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი. სტიქიის ადგილიდან სასტუმროებში გადმოყვანილია დაახლოებით 60-მდე ადამიანი. ამ ეტაპისთვის, პირველ რიგში, კრიტიკული რაც არის, არის მოსახლეობის გამოყვანა ტერიტორიებიდან, გზების გაწმენდა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შემდეგი სამუშაოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ რეალურად აღიქვას რისკი. ის კომუნიკაცია, რომელიც მერიის თანამშრომლებისგან ხორციელდება, იქნეს გათვალისწინებული და დაემორჩილონ შესაბამის სამსახურებს“, – აღნიშნა მერაბ გამყრელიძემ.
გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.