მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის გამო, პენტაგონი აშშ-სა და ევროპაში პროექტების დაფინანსებას ამცირებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა პენტაგონის ბიუჯეტიდან მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 3,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ესპერმა კონგრესის წევრებს უკვე აცნობა.
სამხრეთის საზღვარზე კედლის აშენებისთვის თანხის გამოყოფით პენტაგონს მოუწევს საშინაო და საგარეო პროექტების დაფინანსების შემცირება, მათ შორის, შემცირდება რუსეთის შეკავებისთვის გათვალისწინებული თანხა.
პენტაგონის ხელმძღვანელის წერილში ჩამოთვლილია 127 პროექტი, რომლის დაფინანსებაც კედლის მშენებლობის გამო შეიკვეცება. დაფინანსება შეუმცირდება პროექტებს აშშ-ის 23 შტატში, ზღვისიქითა სამ ტერიტორიაზე და 19 ქვეყანაში. მაგალითისთვის, მხოლოდ პუერტო რიკო შტატებისგან 400 მილიონი დოლარით ნაკლებს მიიღებს. ეს თანხა 2017 წელს ქარიშხალ „მარიას“ შემდეგ აღდგენით სამუშაოებზე უნდა დახარჯულიყო.
770 მილიონი დოლარით ნაკლებით დაფინანსდება პროექტები ევროპაში, რომლებიც რუსეთის შეკავებას ეხება. კერძოდ, დაფინანსება შეუმცირდება ესტონეთში სპეციალური დანიშნულების რაზმის საწრთვნელი ცენტრის შექმნის პროექტს, ასევე პოლონეთში სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ ხუთ პროექტს.
გუამისა და ვირჯინიის კუნძულები ჯამში 700 მილიონ დოლარით ნაკლებს მიიღებენ.
პენტაგონის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული 3,6 მილიარდი დოლარით იგეგმება აშშ-მექსიკის საზღვარზე 280 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობა. დონალდ ტრამპმა აშშ-მა თავდაცვის ბიუჯეტიდან კედლის მშენებლობისთვის თანხის მიღება კონგრესის გვერდის ავლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გზით შეძლო.
მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.
პროექტების დაფინანსების შემცირების სანაცვლოდ, პენტაგონის ბიუჯეტიდან კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
„იმ პროექტების დაფინანსების შემცირება, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინაშე ჩვენი სანდო ევროპელი მოკავშირეების გაძლიერებას ემსახურება, იმისათვის, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკურად მოტივირებული პროექტი განხორციელდეს, რომლისთვისაც, მისი დაპირებით, ფული მექსიკას უნდა გადაეხადა, აღმაშფოთებელი, მცდარი და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების შემასუსტებელია“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა.