მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი იმარჯვებს
მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი იმარჯვებს. წინასწარი შედეგების თანახმად, ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენელმა ამომრჩეველთა ხმების 53 პროცენტი მოაგროვა. მის მთავარ კონკურენტს, რიკარდო ანაია კორტესს 27 პროცენტი აქვს. მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ხოსე ანტონიო მიდი კი მესამე ადგილზეა. პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა დამარცხება უკვე აღიარა. მათ ლოპეს ობრადორს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლოპეს ობრადორი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. კანდიდატი პირობას დებდა, რომ არჩევის შემთხვევაში ვაშინგტონთან პოლიტიკას სრულად შეცვლიდა.
პარალელურად მექსიკაში დედაქალაქის მერის არჩევნები გაიმართა, სადაც გამარჯვება ასევე მემარცხენე ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენელმა მოიპოვა. ქვეყნის ისტორიაში პირველად, მეხიკოს ქალი მერი ეყოლება. კლაუდია შეინბაუმს ამომრჩეველთა 47,5-დან 55,5 პროცენტამდე მხარდაჭერა აქვს.
ამასთან, მექსიკის მოქალაქეებმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს და გუბერნატორების არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგები სამი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოში წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებით სისხლიანი იყო. ამ პერიოდში მექსიკაში 130-ზე მეტი პოლიტიკოსი მოკლეს.