მექსიკის პრეზიდენტი აშშ-სკენ მიმავალ მიგრანტებს დროებით ცხოვრების უფლებას სთავაზობს
მექსიკის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალ მიგრანტებს დროებით ცხოვრების უფლებას სთავაზობს. მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ენრიკე პენა ნიეტო სპეციალური პროგრამის დაწყების შესახებ იუწყება.
პროგრამა „შენ საკუთარ სახლში ხარ“ უკვე მექსიკაში მყოფი მიგრანტებისთვის არის განკუთვნილი.
ცენტრალური ამერიკის ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი გეგმა მათ დროებით დასაქმებას და სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. ამასთან, მცირეწლოვან მიგრანტებს მექსიკის სკოლებში განათლების მიღება შეეძლებათ.
მექსიკის ხელისუფლების ინფორმაციით, მიგრანტების ჯგუფში, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართებიან, ოთხი ათასამდე ადამიანია. კიდევ ორი ათასამდე პირმა დროებით ცხოვრების უფლების მიღება მექსიკას სთხოვა და ოფიციალურად დარეგისტრირდა. 116 მიგრანტი კი დროებით თავშესაფარში იმყოფება. ისინი სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებას დათანხმდნენ.
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიგრანტთა დიდი ჯგუფი დაიძრა, დონალდ ტრამპი მექსიკასთან არსებული საზღვრის დახურვით დაიმუქრა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საზღვარზე ვაშინგტონმა რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე უკვე გაგზავნა.
ჰონდურასიდან, გვატემალადან და სალვადორიდან წამოსული ათასობით მიგრანტი სამშობლოდან რთულ ეკონომიკურ პირობებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს გამოექცა. ამ მხრივ რეგიონში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე რთული ვითარებაა.
ყოველწლიურად კრიმინალური დაჯგუფებების წევრების ხელით ჰონდურასში საშუალოდ ხუთი ათასზე მეტი ადამიანი კვდება. სალვადორში კი ეს მაჩვენებელი 6 500-ს აღწევს.