მექსიკის პრეზიდენტი აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს
მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ობრადორმა დადებითად უპასუხა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, ფიქრობს თუ არა ის, რომ აშშ თავის ელჩს საშინაო საქმეებში ჩარევისთვის იყენებს.
გასულ კვირას აშშ-ის ელჩმა, კენ სალაზარმა მექსიკის დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა სასამართლო რეფორმას, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს საყოველთაო კენჭისყრით აირჩევენ. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, რეფორმა სასამართლო სისტემის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხეს ქმნის. როგორც ელჩმა განაცხადა, ის აშშ-მექსიკის სავაჭრო ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.
პრესკონფერენციაზე მექსიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნების დამოუკიდებელი სუვერენიტეტების პატივისცემის აუცილებლობას და ამავე დროს აღნიშნა, რომ მასა და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის ურთიერთობები მეგობრული რჩება.
პრეზიდენტმა ლოპეს ობრადორმა გასულ კვირას რეფორმის კრიტიკას „იტერვენციონალისტური“ უწოდა.