მექსიკელი გოგონას ბუშტზე მიმაგრებული საშობაო სურვილი ამერიკელმა შეასრულა
შვიდი წლის მექსიკელმა გოგონამ, რომლის მშობლებიც მისთვის საშობაო საჩუქრის ყიდვას ვერ ახერხებდნენ, გადაწყვიტა სანტა კლაუსისთვის წერილი დაეწერა და ბუშტზე მიემაგრებინა. მან ეს ბუშტი ჰაერში გაუშვა. გზავნილმა ლაპლანდიამდე ვერ ჩააღწია, თუმცა, ის გოგონას მშობლიური ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ამერიკულ ქალაქში იპოვეს.
ეს ისტორია აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე მდებარე ქალაქ პატაგონში მოხდა. ამ ქალაქში მცხოვრებმა რენდი ჰეისმა ჩაფუშულ ბუშტზე მიმაგრებული ესპანურ ენაზე შედგენილი წერილი იპოვა, თუმცა გზავნილში ტელეფონი ან მისამართი არ ეწერა. წერილში ნახსენები იყო მხოლოდ გოგონას სახელი – დაიმი. მამაკაცმა ივარაუდა, რომ გზავნილი საზღვრის სიახლოვეს მდებარე მექსიკის ქალაქ ნოგალესიდან გამოუშვეს. ჰეისი მექსიკურ რადიოს დაუკავშირდა. ჟურნალისტებმა ისტორია გაავრცელეს და სულ რამდენიმე საათში გოგონას მშობლები წერილის მპოვნელს დაუკავშირდნენ.
ამის შემდეგ ჰეისი მეუღლესთან ერთად ნოგალესში ჩავიდა და შვიდი წლის გოგონას საშობაო საჩუქრები პირადად ჩაუტანა. მართალია, მან ვერ მოასწრო თოჯინების სახლის ყიდვა, რომელზეც წერილში დაიამი წერდა, თუმცა ეს საჩუქარი მან მაინც მიიღო. თოჯინების სახლი მექსიკელ გოგონას ლოს ანჯელესში მცხოვრებმა ადვოკატმა გაუგზავნა, რომელმაც გოგონას ისტორია გაზეთში წაიკითხა.