მექსიკაში, სატვირთო მანქანაში 200-მდე არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს
მექსიკაში, სატვირთო მანქანაში 200-მდე არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს

მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სატვირთო მანქანაში 200-მდე არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს. BBC-ის ცნობით, მიგრანტები, რომელთა შორის იყვნენ ბავშვებიც, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, კერძოდ ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცდილობდნენ მოხვედრას.

მათ თან არ ჰქონდათ დოკუმენტები. ტრეფიკინგის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს.

მექსიკის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანა ტეხასის საზღვართან ტამაულიპასის შტატში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გააჩერეს. მანქანაში დამალული ადამიანები სკანერების საშუალებით აღმოაჩინეს, ისინი სატვირთო მანქანის საბარგულში წყლის, საკვებისა და ვენტილაციის გარეშე მგზავრობდნენ. მიგრანტებს შორის 24 ბავშვია, რომელსაც თან ზრდასრული არ ახლდა.

ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ში არალეგალურ მიგრაციას დაასრულებდა. ამ მიზნით, მან მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.