მექსიკაში სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, დაღუპულია ექვსი ადამიანი
მექსიკაში სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავებულია ათი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ მექსიკის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, გვატემალის საზღვრიდან 40 კილომეტრში მოხდა. სამინისტროს ცნობით, სამხედრო პატრულმა შენიშნა მაღალი სიჩქარით მოძრავი მიგრანტების მანქანა, რომელიც არმიის საკონტროლო პუნქტთან არ გაჩერდა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუხსნეს.
გაქცევის მცდელობისას მძღოლმა მაგისტრალიდან გადაუხვია, თუმცა მართვის კონტროლი ვერ შეინარჩუნა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 33 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან. შემთხვევის მონაწილე სამხედროებს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ. ოთხი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, 12 დაჭრილიდან ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. დარჩენილი 17 მგზავრი საიმიგრაციო სამსახურმა დააკავა.