მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ანგარიშგების წარდგენის ვალდებულების გადავადებაზე კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება
მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიერ ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება შესაძლოა, ორი წლით გადავადდეს.
შესაბამისი ცვლილებები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 7 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ მეოთხე კატეგორიის საწარმოებს ანგარიშგების წარდგენა 2021 წლიდან დაევალებათ.
„მასობრივი საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, გამოვლინდა, რომ საწარმოებს სჭირდებათ დამატებითი დრო ადგილობრივი სტანდარტის შესასწავლად. აღნიშნული საწარმოების მიკროსტატუსისა და მათი შეზღუდული რესურების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, მათ მიეცეთ დამატებითი დრო სტანდარტისა და დამხმარე მასალის ასათვისებლად“, – განმარტავს მთავრობა.