მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები პენსიასთან ერთად, ყოველთვიურად 180 ლარს მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2018 წლის პირველი ივნისიდან ყოველთვიურად, პენსიასთან ერთად სოციალური დახმარების სახით, 180 ლარს მიიღებენ.
საქართველოს მთავრობამ „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ დადგენილება გამოსცა.
180 ლარიანი დახმარების გაცემა განხორციელდება სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის მომსახურე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბენეფიციარისთვის გახსნილ პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების დანიშვნა ავტომატურად, დაინტერესებული პირის განცხადებით მიმართვის გარეშე მოხდება.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის მიღება არ გამორიცხავს სხვა სახელმწიფო გასაცემლის მიღებას.
„სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახ(ებ)ის შემოსავლებში და არ არის ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველი“,-აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
საქართველოს მთავრობის დადგენილება დღეს 30 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და 2018 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.