აშშ-ის პირველმა ლედიმ არიზონას შტატში, მიგრანტი ბავშვების ცენტრი მოინახულა.
ცენტრში 121 არასრულწლოვანია. მათგან 33 ხუთ წლამდე ასაკისაა. მელანია ტრამპი ერთ-ერთ მცირეწლოვანსაც გაესაუბრა და მოგვიანებით, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველ ლედის შეატყობინეს, რომ მხოლოდ ერთ დღეში აშშ – მექსიკის საზღვარზე ათას ექვსასამდე ადამიანი დააკავეს. მათგან 500 ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ არიზონას ცენტრი, სხვა მსგავსი ცენტრებისგან განსხვავებით, ყველაზე კეთილმოწყობილი ცენტრია, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე საცურაო აუზია განთავსებული.
დაწესებულებასთან მისულ პირველ ლედის, საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა საზღვარზე უკანონოდ შესული არასრულწლოვნების მშობლებთან დაცილების პრაქტიკა დროებით შეაჩერა. აღნიშნული ზომების პირობებში, რომელიც აპრილის მიწურულიდან მოქმედებდა, აშშ-ის ხელისუფლებამ ორი ათასამდე არასრულწლოვანი დააშორა მშობელს.