მეხის დაცემის გამო სომხეთის ატომური ელექტროსადგური დროებით გათიშეს.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსპიკერის, სონა არუთიუნიანის განცხადებით, სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემიდან გამორთეს სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელიც მეხის დაცემამ გამოიწვია.
„30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გამოირთო ავარიული გაჩერების რეჟიმში. ამის მიზეზი გახდა მეხის დაცემა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს“, – დაწერა არუთიუნიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე.
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და სადგურის თანამშრომლები მის გადატვირთვაზე მუშაობენ.