მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს
სააგენტო „როიტერი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.
ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. როგორც ლორან ნუნესმა აღნიშნა, საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.
ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.