მეხანძრეები, რომლებმაც ხაშურის სოფელ ცედანში იმუშავეს, ფულად დანამატს მიიღებენ
ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ფულად დანამატს მიიღებს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მეხანძრეებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს არის სტანდარტი, რომელსაც სამსახურის შექმნის დღიდან ვნერგავთ. ყველა მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად იმუშავებს ასეთ რთულ პირობებში, ყოველთვის იქნება დაფასებული სამსახურის მხრიდან“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს.
„მადლობა თავდადებული შრომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოთ იმაზე დაფასებული, ვიდრე ხართ დღეს, გქონდეთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა. ამაზე მუშაობა 2018 წლის პირველი იანვრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველ, ხელშესახებ შედეგებს სექტემბრიდან იხილავთ“, – აღნიშნა შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა.
სოფელ ცედანში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები და სახანძრო ტექნიკა მიმდებარე ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.