შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა.
„მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.