მეხანძრე-მაშველებმა თერჯოლაში ბუნებრივი აირის სატუმბი ორი ავტომობილი აფეთქებას გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა თერჯოლაში ბუნებრივი აირის სატუმბი ორი ავტომობილი აფეთქებას გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თერჯოლაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ. ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.
შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს გაზ გასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.