მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში სუიციდის მცდელობა აღკვეთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა. ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი. საღორიის ტყეში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.