მეხანძრე-მაშველებმა მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.