საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში, სადაც, გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მუშაობდა. მან წყალდიდობის დროს ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.