კოოპერატივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში, მეიდანზე დღეს „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამოფენა-გაყიდვაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი აგროპროდუქციის მწარმოებელი 20-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მიიღებს მონაწილეობას. „კოოპ-მარკეტზე“ წარმოდგენილი იქნება მათ მიერ წარმოებული თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი და ხილი.
ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. „კოოპ-მარკეტი“ 14:00 საათიდან გაიმართება.
დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.