მეგული (მამუკა) ჩოჩია აცხადებს, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გახარია საქართველოსთვის“ პარტიას ტოვებს და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უერთდება
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მეგული (მამუკა) ჩოჩიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტია და ფრაქცია დატოვა. შედეგად ფრაქცია „საქართველოსთვის“ დაიშალა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მეგული (მამუკა) ჩოჩიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მეგული ჩოჩიამ განმარტა, პარტია „საქართველოსთვის“ ბოლო პერიოდში იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიად, რაც მისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, უერთდება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, რადგან სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს და პოლიტიკას, რასაც მმართველი გუნდი ატარებს.
„ბოლო რამდენიმე თვეა, ვაკვირდები გიორგი გახარიას პარტიაში განვითარებულ მოვლენებს. ეს პარტია რეალურად იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად, არ ამართლებს თავის სახელს. თავის დროზე ამ პარტიაში იმიტომ მოვედი, რომ ქართული საქმე უნდა გვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაამართლა. ეს პარტია არ არის საქართველოსთვის, დღეს ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. არ შემიძლია, ვიყო იმ პოლიტიკოსების გვერდით, რომლებიც არ იცავენ საქართველოს ინტერესებს. მომწონს „ქართული ოცნების“ კურსი, ამიტომ ვტოვებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ვუერთდები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მეგული (მამუკა) ჩოჩიამ.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 წევრია. „ქართულ ოცნებას“ დღეიდან საკრებულოში 19 წევრი ეყოლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ცხრა მანდატი აქვს, ორი მანდატი დარჩა პარტია „საქართველოსთვის“ და ისინი საკრებულოს უფრაქციო წევრები იქნებიან.