მეგობრობის ჯგუფმა ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფმა, ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ისრაელის სახელმწიფოს ტურიზმის (Haim Katz), სოფლის მეურნეობის (Avi Dichter), თავდაცვისა (Yoav Galant) და საგარეო საქმეთა (Eli Cohen) მინისტრებთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ს (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ხელმძღვანელობასთან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეგობრობის ჯგუფმა, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შეხვედრებზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობასა და მეგობრობას. პოზიტიურად შეფასდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის კვლევის შედეგები და მზაობა, 2024 წლიდან დაიწყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები.
მათივე ცნობით, ყურადღება ასევე გამახვილდა ორმხრივი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის განახლებაზე და ქვეყნების მიერ ამ კომისიის თანათავმჯდომარეების მოკლე დროში ნომინირებაზე. ქართულმა დელეგაციამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ისრაელის მხრიდან თანათავმჯდომარე ნომინირებული იქნება მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივას. ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ისრაელის მოქალაქეების საქართველოში ტურისტულად ჩამოსვლის დინამიკისა და ყოველკვირეულად თბილისისა და ბათუმის მიმართულებით (კვირაში 42) პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდაზე. განსაკუთრებულად აღინიშნა მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ტურიზმის ჩარჩო ხელშეკრულების განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.