მეგობარი ქალის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პარალიმპიელ სპორტსმენს პატიმრობის ვადა 13 წლამდე გაუზარდეს
მეგობარი ქალის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პარალიმპიელ სპორტსმენს, ოსკარ პისტორიუსს სასამართლომ პატიმრობის ვადა 13 წლამდე გაუზარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ რეევა სტეენკამპის მკვლელობისთვის პისტორიუსისთვის მისჯილი ექვსწლიანი პატიმრობა „შოკისმომგვრელად მსუბუქი“ სასჯელი იყო.
თავად პისტორიუსი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლოში არ იმყოფებოდა. საქმის განხილვისას პარალიმპიელმა სპორტსმენმა 2013 წლის ვალენტინობის დღეს მეგობარი ქალის მკვლელობა აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მძარცველში აერია. სტეენკამპის მიმართულებით პისტორიუსმა ოთხი გასროლა საკუთარ სახლში განახორციელა.
ოსკარ პისტორიუსი პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონია. პისტორიუსი პირველი პარალმპიელი სპორტსმენია, რომელმაც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.