მედლინ მუნი - მადლობას ვუხდით დათა ვანიშვილს სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა, აქ როგორი ულმობელი და არაადამიანური პირობებია
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
მედლინ მუნს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის სხვა მონაკვეთების შესახებ. მათ შორის საუბარი შეეხო სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა, ასევე მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპარლამენტო ასამბლეა მოვიდა აქ, საოკუპაციო ხაზთან, რომ ნახოს რა პრობლემები აქვთ იმ ხალხს, რომლებიც ერთ დროს საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და მეორე დღეს გაიღვიძეს და ეს მოქალაქეობა წართმეული ჰქონდათ.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად მოვისმინეთ ამ ადამიანის საუბარი და მადლობას ვუხდით სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ყველაფერი, ის სირთულეები, რის წინაშეც დგას, რა ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ, სადაც ადამიანებს საკუთარი მიწები ჩამოართვეს. ჩვენი საქმეა, რომ დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები. ეს პრობლემა, სირთულეები და სისასტიკე, ეს ყველაფერი არ არის მთავრობებს შორის, არამედ ის ადამიანები აწყდებიან, რომლებიც პატიოსნად, მშვიდად ცხოვრობენ“, – განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.