„მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ექიმის გარდაცვალება აცრას არ უკავშირდება
„მედკაპიტალის“ გენერალურ დირექტორ ზაზა ჯაფარიძის შეფასებით, ვაქცინაციასა და აღნიშნულ კლინიკაში მომუშავე ექიმის გარდაცვალებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.
ზაზა ჯაფარიძე განმარტავს, რომ ექიმი 16 მარტს აიცრა, ხოლო 30 მარტს გარდაიცვალა. ასევე, ჯაფარიძის თქმით, მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„გულდასაწყვეტი შემთხვევა მოხდა, ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ექიმი იყო. ვაქცინაცია მას ჩაუტარდა 16 რიცხვში და გარდაიცვალა გუშინ, 30 მარტს, ანუ ორი კვირის შემდეგ ერთ-ერთ სტაციონარში, თბილისში. პირადად მე, და არც არსებობს ექიმი, ვინც ვაქცინაციასა და მის გარდაცვალებას შორის პირდაპირ კავშირს დაინახავს. ქალბატონს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, წლობით ავადმყოფობდა, ალბათ ეს ყველაფერი მოხდა მისი ძირითადი დაავადებიდან. ჩვენ ვერანაირად ვერ ვაკავშირებთ ამ ორ შემთხვევას. ქალბატონი პერიოდულად ავადმყოფობდა. 16 რიცხვში მოხდა ვაქცინაცია, 26 რიცხვამდე სამსახურში დადიოდა ჩვეულებრივად, იღებდა პაციენტებს, 26 რიცხვის შემდეგ გავიგეთ, რომ ბიულეტენზე იყო გასული. ზოგადად, ქრონიკული დაავადებების მატარებელი იყო, აწუხებდა დაავადებები – როგორც ფილტვების მხრიდან, ასევე წლობით აწუხებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ეს არ იყო ერთი და ორი თვის ამბავი“, – განაცხადა ზაზა ჯაფარიძემ.