„მედიქლაბის“ ექიმებმა დაკავებული კოლეგის მხარდასაჭერად აქცია გამართეს
კლინიკა „მედიქლაბის“ ექიმები დაკავებული კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათ სიმბოლური საპროტესტო აქცია გამართეს და ექიმ ვახტანგ ყიფიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება გააპროტესტეს.
როგორც „მედიქლაბის“ სამედიცინო პერსონალმა განაცხადა, მიაჩნიათ, რომ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლოს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან, მათი თქმით, ექიმი ვახტანგ ყიფიანი გამოძიების პერიოდში მიმალვას არ აპირებს. „მედიქლაბის“ ექიმების განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ არ შეიძლება ექიმის, როგორც ჩვეულებრივი ყაჩაღის და მოძალადის რანგში განხილვა. საექიმო შეცდომის გამო მსოფლიოში და თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ექიმის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის საკითხის აღძვრა. ძირითადად მიდის ადმინისტრაციული, ან, ვთქვათ, ფინანსური სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარზე მეტია, ეს გამოძიება მიმდინარეობს. არც ერთ შემთხვევაში ერთი ფაქტიც არ ყოფილა, რომ ბრალდებული ექიმები გადამალულიყვნენ, ან არ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან. ჩვენი მოთხოვნა არ არის, რომ ექიმების წინაღმდეგ არ შეიძლება, საქმე აღიძრას. მთავარია, რომ ეს არის გამოძიების საქმე. გამოძიებამ უნდა გამოიძიოს, ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი თუ არა“, – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ერთი ექიმი დააკავეს, კიდევ ერთ მედიკოსს ქვეყნის დატოვების გამო ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმე ეხება 2018 წელს 23 წლის გოგოსთვის ორჯერ გაკეთებულ ორთოპედიულ ოპერაციას, რის შემდეგაც პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებამდე ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო იკვლევდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, პაციენტთან შეთანხმება დაირღვა და იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, ოპერაცია შესაბამისი საექიმო პრაქტიკისა და ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაატარეს. მათ შორისაა ამავე საავადმყოფოს კონსულტანტი, რომელმაც პაციენტს ანესთეზია გაუკეთა. გარდა ამისა, დასკვნის თანახმად, ქირურგს არ ჰქონდა კონკრეტული ოპერაციის გაკეთებისთვის აუცილებელი ლიცენზია. 5 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 000 ლარი, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.