მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, თუ ტელეფონით რამეს გეგმავდა
ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს, სისაძაგლეებს რატომ გვაბრალებენ, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ის შენობის წინ განაცხადა.
როგორც მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, „გიჟი ყოფილა მეუღლე, თუ ტელეფონით რამეს გეგმავდა“.
„რა ტერორისტული აქტი? ეს აქტი არ მოაკლდეს ამის გამავრცელებლებს და ამის მომგონს. ეგ თუ იტყოდა, თავისი შვილის მკვლელს არ აპატიებს. მაგალითად, მეც არ ვაპატიებ, ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი. ტერორისტული აქტი უნდა დამაბრალონ ამის გამო? ამათ ძალიან სწყურიათ ტერორისტები. რატომ აკეთებენ ჩვენ მიმართ ასეთ საზიზღრობებს და ასეთ სისაძაგლეებს. ჩვენი აყრა უნდათ ხეობიდან. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს. დასკვნა არის, ამათ უნდათ ჩვენი ხეობის აყრა. მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა მეუღლე, თუ ტელეფონით რამეს გეგმავდა, როცა იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება. იმდენად ჭკუათხელი არ არის ტელეფონში ასეთ ბინძურ რაღაცებზე ილაპარაკოს. ახლა ყველანაირად ცდილობენ ჩემი შვილის მკვლელობის გადასაფარად ჩემი მეუღლე წამოაგონ პროვოკაციაზე, რაღაცნაირად ბინძურ თამაშში გარიონ“, – განაცხადა მარგოშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.