პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მედიის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აქციები გაიმართა
პოლონეთში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა ახალი კანონი ტელერადიომაუწყებლობის შესახებ, რომელიც პოლონეთის სეიმმა 17 დეკემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა.
მედიის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აქციები გაიმართა პოლონეთის არაერთ ქალაქში. მათ შორის ვარშავაში, პოზნანში, კრაკოვსა და გდანსკში.
ტელერადიომაუწყებლობის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, პოლონეთში უცხოურ კომპანიებს მაუწყებლობის ლიცენზიის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ მათ სათაო ოფისი და წარმომადგენლობა აქვთ ევროკავშირის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე.
ამასთან, ლიცენზიის მიმღები არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ კომპანიებზე, რომელთაც სათაო ოფისი ამ ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებში აქვთ. პროექტის მიხედვით ამ კომპანიებს პოლონეთში მედიასაშუალებების აქციების 49%-ზე მეტის ფლობა აეკრძალებათ.
ექსპერტების მოსაზრებით, ახალი პროექტი მიმართულია ტელეკომპანია „ტივიენის“ (TVN) წინააღმდეგ, რომელიც ამერიკულ კონცერნ „დიქსავერის“ ეკუთვნის. კანონპროექტის მიღების გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ აღნიშნულ კანონს „შეუძლია, შეარყიოს გამოხატვის თავისუფლება, დაასუსტოს მედიის თავისუფლება და შეამციროს უცხოელი ინვესტორების ნდობა. აშშ-მა მოუწოდა პოლონეთის პრეზიდენტს, დაიცვას კონსტიტუციის გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.
როგორც ცნობილია, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ტელერადიომაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა.