მედიის ნაწილმა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტა
პარლამენტში, ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას მედიის ნაწილმა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტა.
მედიის წარმომადგენლები ტრანსპარანტებით ხელში სკანდირებდნენ – „არა რუსულ კანონს“, და დეპუტატებს მოუწოდებდნენ, საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ.
როგორც „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა, თაზო კუპრეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ხელით მოამზადა.
„ეს არის რუსეთის დაკანონების მცდელობა საქართველოში, რასაც არაფრით არ დავუშვებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. რუსეთშიც ასე დაიწყო თავიდან, შემდეგ გადავიდნენ ორგანიზაციების აკრძალვაზე და ყველა, ვისაც წლების წინ უცხოური გავლენის აგენტის სტატუსი მიანიჭეს, დღეს ქვეყნიდან არის გაქცეული, ზოგი დაჭერილია, ზოგი ორგანიზაცია დახურულია. მინდა, ყველას ვუთხრა, ვისაც ჰგონია, რომ ეს არ ეხება. დღეს შეიძლება, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დახურონ, მაგრამ ხვალ ნებისმიერს მისდგებიან. კომიკური ის არის, რომ თავად სოზარ სუბარსა და მის ოჯახს ათეულ ათასობით ლარი აქვს მიღებული უცხოური ორგანიზაციებისგან. „სოროსის ფონდში“, „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობდა. ბევრი ფული აქვს მიღებული და მაშინ დააბრუნონ. ისეთი რამის გაკეთებასა და დემონიზაციას ცდილობენ, რასაც წლების წინ თვითონ აკეთებდნენ. ეს ყველაფერი დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისკენ არის მიმართული“, – განაცხადა თაზო კუპრეიშვილმა.