მედიის ინფორმაციით, უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბლოკირებით იმუქრება და სამი რუსი ოლიგარქის „შავი სიიდან“ ამოღებას ითხოვს
უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბლოკირებით იმუქრება და სამი რუსი ოლიგარქის „შავი სიიდან“ ამოღებას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია სამი რუსი ოლიგარქისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სავიზო და ფინანსური შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნაზე, რომელსაც ბუდაპეშტი აყენებს. მედიის ინფორმაციით, ეს ოლიგარქები არიან: ალიშერ უსმანოვი, პეტერ ავენი და ვიქტორ რაშნიკოვი.
ამასთან, როგორც მედია იუწყება, ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებმა ხვალ უნდა განიხილონ რუსეთის ხელისუფლებისა და ელიტის წარმომადგენელთა წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივების საკითხი. გადაწყვეტილება ერთსულოვნად უნდა იყოს მიღებული. როგორც მედია იუწყება, ევროკავშირის „შავ სიაში“ ამჟამად 1 217 ფიზიკური პირი და 108 იურიდიული პირია. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, უსმანოვი და ავენი ნუსხაში თებერვალში შეიყვანეს – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი აგრესიის შემდეგ, ხოლო რაშნიკოვი მარტში დაამატეს სიაში. უნგრეთი ამ სამი ადამიანის სიიდან ამოღებას ითხოვს.
ამასთან, ბუდაპეშტი მოითხოვს, რომ გამონაკლისის სახით, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს რუსულ ბანკებთან თანამშრომლობის უფლება მისცენ. როგორც რადიო თავისუფლების წყარო ვარაუდობს, უნგრეთი ამგვარი ფორმით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ბრიუსელზე, რათა წინ წასწიოს კოვიდპანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოყოფილი ფინანსური პაკეტის გამოყოფის საკითხი, რაც ამ დრომდე შეფერხებულია, რადგან ევროკავშირს უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მედია წერს, რომ თავად უნგრეთის მთავრობას „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.