მედიის ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ავიაბაზაზე შეტევას სამი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა
უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ავიაბაზაზე განხორციელებულ შეტევას სამი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. როგორც რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატმა შეტევა განახორციელა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ ავიაბაზაზე.
უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი რუსულ ავიაბაზას დაბალ სიმაღლეზე მიუახლოვდა, რა დროსაც საჰაერო თავდაცვის სისტემამ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხედროებმა სასიკვდილო ჭრილობები სწორედ საფრენი აპარატის ჩამოგდების დროს მიიღეს.
„ენგელსის“ ავიაბაზაზე შორ მანძილზე მოქმედი რუსული ბომბდამშენები არის ბაზირებული. უკრაინამ აღნიშნულ ავიაბაზაზე შეტევა მიმდინარე თვის დასაწყისშიც განახორციელა.