მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დიალოგისკენ მოუწოდა
სომხეთის მთავრობამ დემონსტრანტებსა და აქციების ორგანიზატორებს დიალოგისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სააგენტო News.am-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქვეყნის კათოლიკოსთან, გარეგინ მეორესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სომხური საინფორმაციო სააგენტო News.am წერს, რომ კათოლიკოსმა პრემიერთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესები ქვეყანას დააზარალებს.
პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა და კათოლიკოსმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ძალის გამოყენებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.