მედიის ინფორმაციით, შვედეთის მთავრობამ ტერორიზმში ბრალდებული მამაკაცის ექსტრადიციაზე თურქეთს უარი განუცხადა
მედიის ინფორმაციით, შვედეთის მთავრობამ ტერორიზმში ბრალდებული მამაკაცის ექსტრადიციაზე თურქეთს უარი განუცხადა

შვედეთის მთავრობამ თურქეთში ტერორიზმში ბრალდებული მამაკაცის ექსტრადიციაზე თურქეთს უარი განუცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

საქმე ეხება მამაკაცს, რომელიც თურქეთში „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობაშია ეჭვმიტანილი.

შვედეთის მთავრობის განცხადებით, მამაკაცი შვედეთის მოქალაქეა და მისი ექსტრადირება ვერ მოხერხდება. გადაწყვეტილება გასულ კვირას შვედეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. თურქეთმა კი მოთხოვნა 2022 წლის ნოემბერში გააგზავნა.

როგორც მედია წერს, ექსტრადიციის თემა მას შემდეგ წამოწია, რაც შვედეთმა გასული წლის მაისში ნატო-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანა. თურქეთმა არაერთხელ მოსთხოვა შვედეთს ტერორიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანის მთავრობისთვის გადაცემა. არსებული ინფორმაციით, შვედეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ივნისის პირველი ნახევრისთვის იგეგმება, რათა ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილონ.