მედიის ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქციებზე 730-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ანტისამთავრობო აქციებზე 730-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, აქციები ქვეყნის 32 ქალაქში გაიმართა.
სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, მოსკოვში სამართალდამცველებმა 345 ადამიანი დააკავეს, პეტერბურგში კი 129.
რუსეთში არასანქცირებული აქციები კანონით აკრძალულია. მოსკოვსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.