მედიის ინფორმაციით, რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა
რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კრება არ დაეთანხმა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის კირილეს პოზიციას და მიიღო ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში, რაც ნიშნავს მის სრულ დამოუკიდებლობას მოსკოვის საპატრიარქოსგან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით. საბჭომ მიიღო შესაბამისი ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ადმინისტრაციის წესდებაში, რაც მოწმობს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია ეკლესიის კრების დოკუმენტში.
უკრაინის ეკლესიამ ასევე მოუწოდა უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებას, გააგრძელონ მოლაპარაკებები ომის შესაჩერებლად.
„კრება უკრაინის ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, გააგრძელონ მოლაპარაკებების პროცესი და მტკიცე, გონივრული სიტყვის ძიება, რომელიც შეძლებს შეაჩეროს სისხლისღვრა“, – ნათქვამია დოკუმენტში.